„დინამო“ თბილისი 1:0 „სპარტაკი“ მოსკოვი
30 სექტემბერი. თბილისი. სტადიონი „დინამო“. 35 000 მაყურებელი.
მსაჯი: ვ. ბისტროვი (ლენინგრადი).
გოლი: 1:0 თ. გავაშელი (89).
„დინამო“ (თბილისი): ა. დოროხოვი, შ. შავგულიძე (კაპ.), გ. ჭუმბურიძე, ვ. ჯორბენაძე, მ. მინაევი, ა. კიკნაძე, თ. გავაშელი, მ. ბერძენიშვილი, ბ. პაიჭაძე, მ. ასლამაზოვი, ნ. სომოვი.
„სპარტაკი“ (მოსკოვი): აკიმოვი, ტუჩკოვი, სოკოლოვი, არტემიევი, ანდ. სტაროსტინი, პ. სტაროსტინი გლაზკოვი, გულიაევი, რუმიანცევი, ბ. სტეპანოვი (პლონსკი), ჟიგალინი.
წუთი რომელმაც გადაწყვიტა გამარჯვება
30 სექტემბერს, ამხ. ლ. ბერიას სახ. სტადიონზე შეკრებილი 40-ათასიანი მაყურებელი მოუთმენლად ადევნებდა თვალყურს საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ოსტატთა ორი უძლიერესი კოლექტივის — მოსკოვის „სპარტაკის“ და თბილისის „დინამოს“ გუნდების კალენდარულ შეხვედრას სსრ კავშირის პირველობაზე.
ლენინგრადელ მსაჯის ამხ. ბისტროვის ნიშანზე ორივე გუნდი თავის ძირითად, საბრძოლო შემადგენლობით გამორბის მოედანზე.
თამაში თბილისელ ოსტატთა დამარბეველი ტემპით, და მოხდენილ კომბინაციათა მძლავრი იერიშებით დაიწყო. უკვე მე-5 წუთზე გავაშელის მიერ 6 მეტრიდან დარტყმულ „შუტს“ მშვიდად იღებს მეკარე აკიმოვი. მე-6 წუთზე მოსკოველთა კარებთან კვლავ იქმნება სახიფათო მომენტი. საჯარიმო მოედანზე შემდგარ პაიჭაძეს ელვის სისწრაფით მოეჭრა კარებიდან გამოსული აკიმოვი და შორი ნახტომით შეეცადა შემართულ ფეხიდან აეტაცებია „მკვდარი“ ბურთი, მაგრამ წინდახედული მეკარე მოსტყუვდა ანგარიშში, პაიჭაძემ მისთვის ჩვეულ „დრიბლინგით“ მოხდენილად აარიდა მას ბურთი და იგი თავისუფალ მოედანზე გაუგორა გარემარბ სომოვს, ღიად დარჩენილ კარებში სომოვისაგან გაგზავნილ მძლავრ „შუტს“ ა. სტაროსტინი გაუწვა მეკარე აკიმოვის ნაცვლად, მაგრამ დარტყმა არ აღმოჩნდა ზუსტი და ბურთმა ნახევარ მეტრით ჩაუქროლა კარების მარჯვენა ძელს.
თბილისელთა მძლავრ შემოტევას სტუმრებმა დინჯი და მოფიქრებული თავდაცვა შეაგებეს. თანდათან გადმოიტანეს თამაში მოედნის ცენტრში და კონტრიერიშებზე გადასვლით რამდენიმეჯერ შექმნეს „არევ-დარევა“ თბილისელთა კარებთან. მიუხედავად ქარის მძლავრი წინააღმდეგობისა თბილისელი ოსტატები მშვენივრად იცავენ კარებს. მე-17 წუთზე 25-მეტრიან საჯარიმო დარტყმიდან ა. სტაროსტინისაგან კარებში გაგზავნილ „მკვდარ“ ბურთს დიდი ოსტატობით იღებს მეკარე დოროხოვი. კვლავ რამდენჯერმე განმეორდა სახიფათო მომენტები ორივე კარებთან, მაგრამ ანგარიშის გახსნას ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებს და პირველი ტაიმიც უშედეგოდ მთავრდება.
მეორე ტაიმმა ნათლად გამოააშკარავა თბილისელ ოსტატთა უპირატესობა. მთელი თამაში თითქმის სტუმრების მხარეს მიმდინარეობდა. მოსკოველთა საჯარიმო მოედანზე ზედიზედ იქმნებოდა სახიფათო მომენტები, მაგრამ თავდაცვაში გადასული „სპარტაკელთა“ კოლექტივი გადაულახავ კედლად იყო აღმართული კარების წინ.
თამაშის დრო მიიწურა. მეორე ტაიმის 43 წუთის დაძაბულმა ბრძოლამ კვლავ უშედეგოდ ჩაიარა. აქა-იქ უკმაყოფილოდ წამოიშალა ხალხი. კორნერზე დადებული ბურთი მაინცდამაინც დიდ იმედებს არ იძლეოდა, მაგრამ მაყურებელთა უმრავლესობა მაინც სულგანაბული უცდიდა მსაჯის უკანასკნელ ნიშანს მატჩის დამთავრების შესახებ.
და აი, კორნერიდან სომოვის მიერ მოწოდებული ბურთი სახიფათოდ „დაეკიდა“ მოსკოველთა კარებთან. აკიმოვმა მოხდენილად გააკეთა ვეფხის ნახტომი, მაგრამ ბურთს მაინც ვერ მისწვდა. კარების წინ შემქნილ „არევ-დარევაში“ ბურთმა დარეტიანებულ ფრინველივით მოხაზა რამდენიმე მრუდი და გავაშელის მძლავრი „შუტის“ შემდეგ მხოლოდ სტუმრების კარების ბადეში მოახერხა დამშვიდება. სტადიონი მხურვალე ოვაციასა და ყიჟინაში ჩაიძირა.
თბილისელ ოსტატთა ფარზე აღიმართა ციფრი 1 და მალე თამაშიც დამთავრდა.
პენალტი.
„ახალგაზრდა კომუნისტი“, 3 ოქტომბერი, 1937 წ.
წყარო: თსუ – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა / სპორტი / თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ისტორია